2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება

2654

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, მომავალ წელს საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით გაზრდა არის დაგეგმილი.

“ბიუჯეტის წარდგენილ ვარიანტში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებლია ყველა მიმართულებით, 10%-ის ოდენობით. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება: ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და პრინციპში, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის ზოგადად გათვალისწინებული არის დაახლოებით 10%-ის ოდენობით ხელფასების გაზრდა”, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,83 მილიარდი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა 2021 წლის ბიუკეტში 1,64 მილიარდი, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში 1,54 მილიარდი ლარი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა 112 752 ადამიანი იქნება.