ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

253

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

მინისტრის ინფორმაციით, ცვლილება შეეხო ასევე მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდას და მშპ-ს მოცულობას. როგორც მინისტრი აღნიშნავს, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6.0%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს.

„როგორც იცით, სექტემბერში დაფიქსირდა, 6,9%-იანი ეკონომიკური ზრდა. სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 11,3%-ით. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაყრდნობით, გადაიხედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში ნაცვლად 9,5%-ისა განისაზღვრა 10,0%-ის ოდენობით. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დაზუსტდება ბიუჯეტის საბოლოო წარდგენისთვის, მას შემდეგ რაც გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია ოქტომბრის თვის ეკონომიკური აქტივობის შესახებ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6.0%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლისთვის მშპ-ს მოცულობა შეადგენს 65,0 მლრდ ლარს, რაც ნიშნავს 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გადაანგარიშებას 5500 აშშ დოლარის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია საგადასახადო შემოსავლების ზრდა.

„საგადასახადო შემოსავლები წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 218 მლნ ლარით და საგადასახადო შემოსავლები მშპ-სან მიმართებით ნარჩუნდება 23,7%-ის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ნარჩუნდება კაპიტალური ხარჯების მაღალი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით. როგორც იცით, 2021 წელს ეს იყო 8,2%-ის ოდენობით, ხოლო 2022 წელს ეს იქნება 8,6%-ის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 342,5 მლნ ლარით და შეადგენს 19 026,4 მლნ ლარს, ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია 18 839,0 მლნ ლარი, რაც პირველად ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 395,7 მლნ ლარზე მეტით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.