კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის შემდეგი ოთხი წელი თბილისისთვის ყველა მიმართულებით საინტერესო იქნება. მეორე ვადით ახალარჩეულმა დედაქალაქის მერმა „იმედის კვირასთან“ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ეს იქნება საპარკო არეალების მოწესრიგება-განახლება, ახალი პარკების შექმნა, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური, ჯანდაცვითი პროგრამები, საბავშვო ბაღების მშენებლობა და სხვა მიმართულები.
ჩვენ მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვყავს ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები. წლის ბოლომდე კი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება.
ჩვენ იმაზე არ გავჩერდებით, რაც დედაქალაქში უკვე გაკეთებული გვაქვს. ყველა იმ ქუჩაზე სადაც შესაძლებელია, გადაწყვეტილებები მიიღება ჩატარებული კვლევების შედეგად. მსოფლიოში ყველაზე უძლიერესი კომპანიები გვყავს ჩამოყვანილი, ვისაც ანალოგიური პროექტები გაუკეთებია სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც წლების წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ თბილისში გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება 100 მლნ ლარით გაიზრდება. ეს არის ის პროგრამები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. განსაკუთრებით, ვინც სოციალურად გაჭირვებულია.
„2017 წლიდან დღემდე დაახლოებით, 2 მლნ-მდე დახმარების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ეს იყო ოპერაციების ხარჯის ანაზღაურება, ფინანსური დახმარების გაწევა და სხვადასხვა სოციალური პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.