2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5500 დოლარს გადასცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქვეყანას ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა აქვს“.
„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, თუმცა, ნოემბერში კიდევ ვიმუშავებთ ინტენსიურად სამინისტროებთან და ნოემბრის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მოგეხსენებათ, რომ 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3%. გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მილიარდი ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5500 დოლარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.