გამყრელიძე: 3 რეგიონში, სადაც აცრის მაჩვენებელი 60%-ს უახლოვდება, დამატებითი სტიმულის გამოყენება, ხოლო 10 დიდ ქალაქში პარასკევი-შაბათი-კვირის აქციები განიხილება

299

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ღონისძიება განიხილა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, მათ შორის, საბჭოსთვის შეთავაზებულია აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია, სამ რეგიონში სადაც აცრის მაჩვენებელი 60%-ს უახლოვდება დამატებითი სტიმულის გამოყენება, ხოლო 10 დიდ ქალაქში კი პარასკევი-შაბათი-კვირის აქციები, სადაც მოსახლეობას ღია სივრცეში კონცერტებსაც შესთავაზებენ.

„საბჭოზე იყო განხილვა ვაქცინაციის შემდგომი ღონისძიებების ხელშეწყობის შესახებ. იქნება ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე; მეორე – იქნება გარკვეული წახალისებები, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკში და სასოფლო დასახლებებში მყოფი ადამიანების და მეორე მხრივ, ქალაქებში მყოფ აცრილებთან მიმართებაში. ასევე განვიხილეთ მწვანე პასპორტის კონცეფცია დეტალებით, რომელმაც აცრებს სტიმული უნდა გაუკეთოს, რათა აცრილებს დისკომფორტი არ შეექმნათ სხვადასხვა დაწესებულებებში სტუმრობისას. კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და ვფიქრობთ, ხვალ ან ზეგ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ამასთან ერთად, გაგრძელდება მარათონი, ოღონდ შედარებით სახეცვლილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ეპიდემიოლოგებმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგი ღონისძიებებს გატარება შესთავაზეს:

„ჩვენი წინადადება, რომელსაც საბჭო იხილავს სამი მიდგომისაა: 1 – სამი რეგიონი, სადაც ჩვენ მივდივართ 60%-იან სამიზნე მოცვასთან – ეს არის პირველ რიგში თბილისი, სადაც უკვე აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 50%, ასევე აჭარის რეგიონი, სადაც აცრილია 45%-მდე მოზრდილი მოსახლეობის. ასევე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის შედარებით პატარა რეგიონი, სადაც ასევე 45%-ის ფარგლებშია აცრა. ამ სამ რეგიონში იქნება სერიოზული სტიმულები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. თბილისში ამისთვის გვჭირდება დამატებით 80 ათასი ადამიანის აცრა; აჭარაში დაახლოებით, 40-45 თასი. რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთში – 3 ათასი ადამიანი.

მეორე, ასევე სამოდელო წინადადებაა, რომ გავიდეთ 60%-იან მოცვაზე, შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი ერთი დასავლეთ საქართველოში – ოზურგეთი და მეორე, აღმოსავლეთ საქართველოში – გურჯაანი. ამ ორ მუნიციპალიტეტშიც გვინდა, რომ 60%-იან მოცვაზე გავიდეთ. დღეს ეს მაჩვენებლები გურიაში დაახლოებით 33%-ია, ხოლო გურჯაანში კიდევ უფრო დაბალი.

ჩვენი მესამე შეთავაზებაა, რომ ქვეყნის 10 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი) სადაც მოსახლეობის 2/3-ზე მეტი ცხოვრობს, დაიწყოს სახეცვლილი მარათონის ე.წ. პარასკევი, შაბათ-კვირის ინტენსიური აცრების, მასობრივი აცრების აქციები. ადამიანებისთვის კომფორტული გარემო უნდა შევქმნათ, შეიძლება იყოს ღია სივრცეში კონცერტი, შეიძლება იყოს გამორჩეული სახეების მოწოდებები და გამოსვლები. მათ შორის, დღეს ქალბატონი პრეზიდენტი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში აქტიური მოგზაურობის და აცრების ადვოკატირებისა და პრომოციის, ასევე ქვეყნის პირველი პირებიც ჩაერთვებიან. დაგეგმილია ასეთი ტიპის ღონისძიებები მომავალი ორი თვე“, – განაცხადა გამყრელიძემ.