5 ზესტაფონელს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

1026

ზესტაფონი-ხარაგაულის სარკინიგზო ხაზის, საპროექტო მარშრუტის მე-11 გვირაბის მშენებლობის გამო 5 მოქალაქის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.  საუბარია, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში, ბესიკ კალანდაძის, გიორგი კალანდაძის, თამარ კალანდაძის, მაკა ბუიღლიშვილი-კალანდაძისა და ციცინო კალანდაძის კუთვნილ დაახლოებით, 6 984 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას 2 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე უარის შემთხვევაში „საქართველოს რკინიგზა“ მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა.

ექსპროპრიაციის შემთხვევაში მესაკუთრეები საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებენ.

გვირაბის მშენებლობა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება. პროექტს „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია: უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა, მგზავრობის დროის შემცირება, მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც 3 გვირაბი უკვე დასრულებულია.

წყარო: Zestafoni.Ge

ფოტო: Zestafoni.Ge