გამყრელიძე: თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი ან შეზღუდვა არ იქნება, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება 

461

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებლი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6%.

„დღევანდელი მონაცემებით ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში 33%-ია. ერთჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის – 36.5%. ჩვენი წლევანდელი სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია. „დელტა შტამზე“ 60%-იც არაა საკმარისი, სასურველია 70-80% იყოს. ამიტომ, თუ ამ ჩარჩოში განვითარდა პროცესები და ამ რაოდენობის დღიური მაჩვენებელი გვქონდა – 5,6, 7 ათასი, სამიზენს ვერ მივაღწევთ და ეპიდემიას ვერ შევაკავებთ. საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავას და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%, ზოგიერთისთვის 50%. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა. ასე რომ, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი არ იქნება ან რაიმე შეზღუდვა არ იქნა შემოღებული, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.