გამყრელიძე: დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება

286

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ტემპი ვერ აწია, ირიბი მანდატორიზმი დააწესა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი, ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებაში. ვნახოთ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს, ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, დიახ, სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, ამას არასდროს ვმალავდი, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი, ამას ვემხრობი.

ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, იქ მიიღება განხილვის და კონსენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციაში და აცრებში ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა. წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც მიიღო – რამდენიმე ქვეყანაა, ყველა არა, ძირითადად არის ე.წ. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ “მწვანე პასპორტების” სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს, ამაზე მიდის ძირითადი დისკუსია, თუ რომელი იყოს, ამ “მწვანე პასპორტების” რა სისტემის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული.

ყველგან, რაღაც ეტაპზე, მათ შორის, ისრაელი ვაქცინაციის 58%-ზე გაჩერდა, ზემოთ ვეღარ აწია, სანამ გარკვეული დამატებითი ბერკეტები არ შემოიტანა, ზოგიერთი ქვეყანა გაჩერდა 40%-ზე და მერე შემოიტანა. ჩვენ სამწუხაროდ, 32-33%-ზე ვჩერდებით, ალბათ, ჩვენი ზღვარი იქნება ნებაყოფლობითობის, როცა ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვეხვეწებით, ვუხსნით, მობრძანდითო, დიდ დაწესებულებებს ვხვდებით, ვუხსნით, მათთან ერთად ვმუშაობთ, რომ აცრა თანამშრომლების დიდ ნაწილს ჰქონდეს, ზოგიერთი შიდა წახალისებებს აკეთებს, ამის ზღვარი ჩემი აზრით, 35-37%-ია მოზრდილი მოსახლეობის, რაც შეიძლება 40%-ზე ავიდეს. იმის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებია – სად უნდა იმუშაოს, თუ ორჯერ არ არის აცრილი, ბოლო 72 საათში უარყოფითი PCR, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი დაავადება, თუ ეს აღნიშნული არ არის თქვენს ელექტრონულ ბარათში, ან ქაღალდზე, ისე შეიძლება ზოგიერთი შეზღუდული იყოს. ეს არის ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი, ეს არ არის მანდატორი, ეს არ არის სავალდებულო, ყველაფერზე ვერ დავკონკრეტდები. ჩვენ, იცით, რომ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მეტს ვითხოვთ ექიმები და შემდეგ საბჭო, რომელიც მულტისექტორულია, ითვალისწინებს ყველა უწყების ინტერესს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.