ცერცვაძე: სახელმწიფო ისევ გახდება იძულებული შეზღუდვები შემოიღოს

384

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა და თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა, მკაცრი კოვიდრეგულაციების შემოღების საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, სიტუაციის შენარჩუნება ძნელი იქნება და გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. “მეხუთე ტალღა” დაიწყო ისე, რომ “მეოთხე ტალღა” ბოლომდე არ ჩამთავრებულა. წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება სავალდებულო ვაქცინაციის ან გამკაცრებული შეზღუდვების გზითაა შესაძლებელი.

„ორნაირი რეაგირება შეიძლება მოახდინოს სახელმწიფომ – გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. განიხილება, მაგრამ უარყოფილია. მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს. ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ“,-აღნიშნა ცერცვაძემ.