ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების უსაფრთხო ოპერირებისათვის შემუშავებული რეგულაციების გადახედვის საკითხი დააყენა, რომელიც საბჭომ მოიწონა.
ახალი რეგულაციებით, დახურულ საბაგირო გონდოლათი, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას. ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს, მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.
მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად ემზადება მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის და ამ მიზნით, კოვიდ-რეგულაციებს მკაცრად დაიცავს. მისი თქმით, სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, ტურიზმის სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა.
„ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობდა კერძო სექტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ახალი რეგულაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მთის კურორტებზე კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმატებით ვუმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებს. მისი თქმით, სიახლე ხელს შეუწყობს კურორტებზე არსებულ ღია და დახურული ტიპის საბაგიროებზე მგზავრთა გამტარუნარიანობის ზრდას.