გამყრელიძე: გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან

241

გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო 200 000 ვაქცინა შეისყიდა.

სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის – ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პირები, შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, C ჰეპატიტის მქონე ადამიანები, აივ ინფექციის მქონე პირები, 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები, პედაგოგები, ორგანოგადანერგილები, ჯანდაცვის პერსონალი, ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

ამჟამად გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი. პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დეტალებზეც ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში კოვიდინფიცირების ყველა შემთხვევა დელტა შტამს წარმოადგენს.

„ამას დეტალურად ვიკვლევთ. როგორც ვიცით, დელტა შტამს აღმოაჩნდა განსაკუთრებული თავისებურებები – ახალგაზრდა ასაკის მიმართ უფრო აგრესიულია და რეინფიცირების უფრო მეტი პოტენციალი აღმოაჩნდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.