დღეიდან ქვეყანაში „ვაქცინაციის მარათონი“ იწყება

283

„საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის!“ -ამ ლოზუნგით დღეიდან საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო, –  ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ მარათონს და გთხოვთ მასში მონაწილეობას. ამ ომში დღეს ყველანი საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კი ვაქცინაციის მარათონში საქართველოს 49 სოფელი და რაიონული ცენტრია ჩართული. მასში ჩართვა კი მოქალაქეებს სოფლებიდანვე შეეძლებათ. პოროგრამის მიზანი ჯამში 150 000 ადამიანის მოცვაა.

„საქართველოს სამსახურში, ჩვენი შვილების, მშობლების, მეგობრებისა და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაცია სწორი და სახელმწიფოებრივი არჩევანია – ამ მთავარი სათქმელით ვაქცინაციის მარათონი იწყება. კამპანია სტარტს 18 ოქტომბერს იღებს და თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.

პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

მარათონში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.

ჩაერთე მარათონში შენივე სოფლიდან – შენი არჩევანი აიცრა დღეს, ნიშნავს გადაარჩინო შენი და მინიმუმ რამდენიმე ადამიანის სიცოცლხე, იდგე საქართველოს სამსახურში და დაიცვა ქართული სახელმწიფო!

პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების სააგენტო ( UNDP)“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.