კაკაურიძე: 2022 წელს მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შენარჩუნდება

345

„მიზნობრივ ჯგუფებში ელექტროენერგიის სუბსიდირება შენარჩუნდება, თუმცა „სუბსიდია ყველასთვის“ სწორი არ არის“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს.

საქმე ის არის, რომ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების თემაზე კითხვა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა დასვა.

„როცა ნავთობის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა და ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონეა, მომდევნო წლიდან წყდება და გათვალისწინებული არ არის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება, რაც მიმდინარე წელს იყო როგორც საცალო მოხმარების, ისე კომერციულ ნაწილში. აღნიშნული პირდაპირ აისახება სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზე. გაიზარდა პურის ფასი და ეს ტენდენცია მომდევნო წელსაც გაგრძელდება“, – მიმართა კაკაურიძეს ლილუაშვილმა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატს შეახსენა, რომ ერთდროულად საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ხელფასების გაზრდა და სოციალური ვალდებულებების გაზრდა ვერ ხდება.

„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, covid-პანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული და კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, – განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის კომერციული ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ტარიფი კი 3.5 თეთრით – თითოეულ საფეხურზე. აღნიშნულის გამო, მთავრობამ როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ გარკვეული პირობებით.

კერძოდ, ცალკეულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50%-ით სუბსიდირების საშუალება მიეცათ. საუბარია საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიებზე.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მთავრობის გადაწყვეტილებითვე, მოქალაქეებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-მდე მოიხმარენ, მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად უფარავს. ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მაშინ აცხადებდა, რომ „სულ 1.7 მლნ აბონენტიდან 1.6 მლნ სწორედ ასეთია“.

ცნობისთვის, სემეკ-ის მონაცემებით, 2021 წლის რვა თვეში ფიზიკური აბონენტებისთვის დენის გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირებისთვის 35.4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო მეწარმე სუბიექტების სუბსიდირება 6.5 მლნ ლარი დაჯდა.