ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიების, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ განხორციელდება

205

ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიების, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ განხორციელდება, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მოგვიანებით საბჭო კიდევ იმსჯელებს, გაფართოვდება თუ არა ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია.

„დღეს იმუნიზაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ასე რომ, ქვეყანა პირველ ეტაპზე რისკის ჯგუფების ვაქცინაციას დაიწყებს. შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“, რადგან საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინიდან მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს ოფიციალურად ნებადართული მისი გამოყენება 12 წლის ასაკის ჯგუფში“, – განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყება.