აცრის რაოდენობის მიხედვით პირველადი ჯანდაცვის ექიმების ფულადი წახალისება იგეგმება

406

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2 დღეში დამტკიცდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების ინიციატივა, რაც მოსახლეობის აცრის შემთხვევაში, მათ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათი წახალისება იმისდა მიხედვით მოხდება, თუ დამატებით რამდენ ადამიანს აცრიან.

„აქამდე ადამიანები აქტიურად მოდიოდნენ აცრებზე, მაგრამ რესურსი, რომ თვითონ მოვიდნენ, დაახლებით 100-150 ათასი ადამიანია. დანარჩენთან ჩვენ თვითონ უნდა მივიდეთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება. დაახლოებით 3 ათასამდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია ქვეყანაში, 1200 სოფლის ექიმი და დანარჩენი პოლიკლინიკებში ოჯახის ექიმები, ამიტომ მათი წახალისების მექანიზმი მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვა იყო ე.წ. თამასა. ზოგს გაუჩერდა აცრების მაჩვენებელი 5%-ზე, ზოგს 30%-ზე და ა.შ. ამის შემდეგ უკვე შემოდის დამატებითი ღონისძიებები. განხილული იყო და ალბათ, ამ 2 დღეში დამტკიცდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების ინიციატივა. ეს არის შედეგებზე დამყარებული ანაზღაურება. ექიმს და ექთანს, ვინც აცრებს აწარმოებს, ასევე იმ ადამიანს, ვინც ამცრელ ჯგუფში შედის, ექნება წახალისება იმისდა მიხედვით, თუ დამატებით რამდენ ადამიანს აცრის, გარდა იმისა, რასაც იღებენ. იცით, რომ თითოეულ აცრაში 4 ლარია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის პროცესის წახალისებისთვის ოქტომრის შუა რიცხვებიდან სოფლებში იმუნიზაციის კვირეული, ე.წ. მარათონი იგეგმება.

„თბილისში ყველაზე მეტი ამცრელი პუნქტია, ისინი ახლა ძალიან დატვირთული არ არიან. ახლა მოხდება მათი სოფლებში გადამისამართება. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს უნდა დაიწყოს ერთკვირიანი სერიოზული მარათონი, შეჯიბრი სოფლებს შორის“,-აღნიშნა გამყრელიძემ.