გამყრელიძე: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო უნდა იყოს

206

ჯერჯერობით ნებაყოფლობითია კოვიდის საწინააღმდეგო აცრები – ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ მე რამდენჯერმე ჩემი პირადი პოზიცია გავამჟღავნე, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო. კერძოდ, ორ ჯგუფისთვის: ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, თუმცა, დღეს ექიმებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, – 78% ერთჯერადით და 70% ორჯერადით, მაგრამ სხვა სამედიცინო პერსონალში ექთნებში, უმცროს სამედიცინო პერსონალში, ადმინისტრაციულ პერსონალში, შედარებით დაბალია. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებები პირველი ფრონტის ხაზია, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ აცრილი.

მეორე, რა თქმა უნდა, პედაგოგები: პირველ რიგში საშუალო სკოლების პედაგოგები, რამეთუ მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა პედაგოგებში, გვაქვს 63% მასწავლებლებში და 60%-მდე ადმინისტრაციულ პერსონალში ერთჯერადი აცრებით, ხოლო ორჯერადით – 52%-ია მასწავლებლებში. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი. ასევე იყოს გზავნილები მშობლებისთვის, ჩვენ თუ გვინდა, რომ სრულად უსაფრთხო სკოლა გვქონდეს და ბავშვები ნაკლები რისკის ქვეშ დავაყენოთ, აუცილებელია მშობლები, ოჯახის სხვა წევრები იყვნენ აცრილები, ისევე როგორც მასწავლებლები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.