გამყრელიძე: წლის ბოლომდე 60% უნდა იყოს აცრილი, რომ ახალი წელი შედარებით ნორმალური იყოს

500

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესმა იკლო.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია ვაქცინირებული. მისივე თქმით, საჭიროა, წლის ბოლომდე მინიმუმ, 60% იყოს აცრილი.

„რაც შეეხება ვაქცინაციის დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ, რადგან აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა, მთლიანად აგვისტოში 715 000 აცრა ჩატარდა, სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით, დღეში 24 000 აცრა გვქონდა, ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ანუ სადღაც ავსულიყავით, 800 000-900 000-ზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და ადგილზე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ აცრილი ვართ, მეტად ვართ დაცული, აქედან გამომდინარე, ყველა ტელევიზიამ დღეში რამდენჯერმე უნდა ილაპარაკოს, თითოეული რეკლამა უნდა ეძღვნებოდეს აცრას.

მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, წლის ბოლომდე უნდა იყოს აცრილი 60%, რომ წლევანდელი ახალი წელი შედარებით ნორმალური იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. თუმცა, 60%-იც აღარ არის საკმარისი, „დელტა“ ისეთი ვერაგული აღმოჩნდა, რომ აუცილებელია უფრო მეტი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.