ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში უნდა დაინერგოს, – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 1 200 სოფლის ექიმია, მათი როლი კი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობაში განსაკუთრებით დიდია.
„უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და მუნიციპალიტეტბში სოფლის ექიმები კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება ეს ყველაფერი. ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. ვინც უბანზეა და ბენეფიციარებთან არის მიმაგრებული, გააქტიურონ მუშაობა.
სოფლის ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია. მოგეხსენებათ, ძალიან სჯერა მოსახლეობას სოფლის ექიმის, ამიტომ მათთან მიმდინარეობს მუშაობა. თითოეულ რაიონში სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ჰყავს უბანზე აცრილი და აცრის რა გეგმა აქვს, თუნდაც 2 თვის განმავლობაში.
ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია. თითოეულმა რომ სულ მცირე თავისი უბნის 70-80% აცრას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც უნდა დაინერგოს ქვეყანაში“, – განმარტა გამყრელიძემ.