უახლოეს დღეებში „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ საჯარო ადგილებში ჩადრის და ფარანჯის ტარების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს, – ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აწერენ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლითაც ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ სარეკლამო რგოლი უკანონო მიგრაციის შესახებ ქსენოფობიური ხასიათისაა.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ცოტა ხნის წინ გავრცელდა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” და სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელთა მტკიცებითაც ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ სარეკლამო რგოლი უკანონო მიგრაციის შესახებ ქსენოფობიური ხასიათისაა. არასამთავრობოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ჩვენი ბლოკის ინიციატივამ საჯარო ადგილებში ჩადრების და ფარანჯების ტარების აკრძალვის შესახებ. გარდა ამისა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გააპროტესტა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებში არ დაუშვა ჰიჯაბით სკოლის მოსწავლე გოგონა.
მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ანტი-სახელმწიფოებრივი ხასიათისაა. განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ვითარება, როდესაც პირები, რომლებიც თავს საქართველოში ლიბერალური ფასეულობების და ღია საზოგადოების მედროშეებად მიიჩნევენ – იცავენ იმ ფასეულობებს, რომლებზეც, არათუ ევროპულმა დემოკრატიებმა, არამედ ისლამური ქვეყნების ნაწილმაც კი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში თქვეს უარი.
უნდა აღინიშნოს, რომ თავსაბურავის ტარება, რომელიც ფარავს სახეს აკრძალულია ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ერთის მხრივ კულტურული, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. რამდენიმე დღის წინ ანალოგიური შინაარსის კანონი ძალაში შევიდა ავსტრიაში. სასწავლო დაწესებულებებში მოქმედებს კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტები, სადაც აკრძალულია არა მხოლოდ თავსაბურავის (ჩადრი, ნიქაბი, ფარანჯა), არამედ ზოგადად რელიგიური შინაარსის სამოსის (ჰიჯაბი) ტარება. ეს წესები მოქმედებს მათ შორის ისლამურ ქვეყნებშიც (თურქეთი, ტაჯიკეთი და სხვა).
სამწუხაროა, რომ ცალკეული ორგანიზაციებისთვის უცხოელი დონორებისგან დაფინანსების მიღების სურვილი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ტრადიციული ფასეულობები.
უახლოეს დღეებში „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ საჯარო ადგილებში ჩადრის და ფარანჯის ტარების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს. ასევე, მზად ვართ, ამ საკითხზე ყველა ოპონენტთან გავმართოთ საჯარო დისკუსია ნებისმიერი ტელევიზიის ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი