დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მან ვებინარზე განმარტა, ვაქცინის მოწოდების დონორი გერმანია იქნება.
„ამასთან დაკაშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გერმანიის სახელმწიფო იქნება ამ ვაქცინის მოწოდების დონორი. ეს არის ერთჯერადად გასაკეთებელი ვაქცინა. ძალიან მოსახერხებელია რეგიონებში, რაიონებში ან თუ ადამიანს უნდა ერთჯერადად გაიკეთოს ვაქცინა. მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. არ მინდა თარიღები დავასახელო და მერე შევცდე“,-განაცხდა გამყრელიძემ.
კითხვაზე, ხომ არ გეგმავენ ქართველი ექიმები ქართული ვაქცინის შექმნას, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ჯერჯერობით, არ იგეგმება.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ბევრ რამეში ძალიან მაგრები ვართ, ჯერჯერობით საკუთარი ვაქცინა რომ შევქმნათ, არა. ჩვენ შეგვიძლია იდეები და ა.შ. ვაქცინის წარმოების სიმძლავრეები სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს“,-განაცხადა გამყრელიძემ.