კალაძე გურამ ფალავანდიშვილის და მისი მხარდამჭერების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას „ძალიან დიდ სიცრუეს და სისულელეს“ უწოდებს

233

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ „გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მას და მის დაჯგუფებას კალაძე 300 ათასი დოლარით აფინანსებდა“. აღნიშნულ განცხადებას კალაძე სისულელეს უწოდებს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან დიდი სისულელე“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებში საუბარია, რომ კახა კალაძე აფინანსებდა და სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერდა რადიკალურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობას. ამავე ინფორმაციის თანახმად, კალაძემ მშენებლობის უკანონო ნებართვა მისცა კონსტანტინე მორგოშიას და “ალტერნატივა საქართველოს” დაახლოებით 300 000 დოლარით დაეხმარა.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.