დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, სიცრუეა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაბაშვილის N6-ში თბილისის მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხელმოწერების შეგროვება დაუწყიათ. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. სიცრუეა და არავის დაუჯეროთ. ჩვენ არასდროს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, პირიქით ვუფრთხილდებით, ვუვლით. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.
გაბაშვილის ქუჩაზე ჩვენ საბაგირო გზის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თბილისელებისთვის ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი იქნება. ინფორმაცია ე.წ. ცისფერი სახლის ნგრევის შესახებ კი, არის ტყუილი“, – აღნიშნა კალაძემ.