თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა.
დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ.
ზოგადად, სკეიტ პარკები „მზიურის პარკსა“ და დედაენის ბაღში უკვე გავაკეთეთ და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ზუსტად ასეთი პროექტები გვჭირდება, რომ სკვერები, პარკები სავსე იყოს ადამიანებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სკეიტ პარკების, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ.“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სკეიტ პარკი 508 კვ.მ-ზე, სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
პროგრამის მიზანია, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.
სკეიტ პარკის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 450 164 ლარს შეადგენს.
ადგილზე კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მერიის კულტურის, განთალების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.