ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმებს დაევალებათ, რომ 60 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღონისძიებები ჩაუტარონ.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ოჯახის ექიმები საკუთარ უბნებზე გააქტიურდებიან. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პენსიონერებისთვის, სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
„60 წლის მოქალაქეებისთვის დაშვებას ვაკეთებთ, რომ რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა ოჯახის ექიმების იქნება, რომლებსაც დაევალებათ მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ. პირველია ოჯახის ექიმების მეტად გააქტიურება უბნებზე და შემდეგია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებებზე ვიმსჯელოთ, რომელიც შეიძლება, მოტივატორი გახდეს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.