ვაქცინაციის სტიმულირების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვაქცინირებული პირებისათვის ეწყობა ლატარია – „აიცერი და მოიგე“. აღნიშნულ ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს, როგორც 2021 წლის 1 სექტემბრამდე ვაქცინირებულებს, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვებულები გამოვლინდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად, ხოლო საბოლოოდ 31 დეკემბერს შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება.
„ლატარია გაიმართება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ასევე იქნება შემაჯამებელი გათამაშება. მინიმალური მოგება იქნება 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური 100 000 ლარი. ყოველდღიურად გათამაშდება დაახლოებით 160 პრიზი. ასევე ყოველკვირეული გათამაშების მოგებული პირები გვეყოლებიან და შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში, სადაც უკვე დოლურაში მოთავსდება ყველა ლატარიის ბილეთი და იქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პირი. ლატარიაში მონაწილეობა ხდება შემდეგი სახით, როდესაც მომხმარებელს მიენიჭება NCDC-ის მიერ ჯავშნის კოდი, რომელსაც სტატუსი ექნება აცრილი, ის ავტომატურად მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ლატარიაში. დღეს დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც აიცრება, მონაწილეობას მიიღებს მომდევნო დღის გათამაშებაში. გათამაშების შედეგები გამოვლინდება დღის 12 საათზე, ხოლო რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებებს, ყოველ ორშაბათ დღეს, ყოველი დღის გათამაშების დასრულებისთანავე იქნება გამოვლენილი”, – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მოგების შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებით მიიღებენ. ასევე, მათ ჯანდაცვის სამინისტროდანაც დაუკავშირდებიან.
„მოგებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ stopcov.lotto.ge-ზე. განთავსდება ინფორმაცია მოგებულების შესახებ, იქნება მოგებული პირების სახელი და გვარის პირველი ინიციალები, რა აცრით აიცრა მომხმარებელი და რომელ ქალაქში, ასევე ჯავშნის კოდი იქნება მითითებული. ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად დაუკავშირდება მოგებულ პირებს და მოხდება მათი ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. ორი გზა არსებობს იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიგოს მოიგო თუ არა. ერთი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს – stopcov.lotto.ge და ნახოს მისი ჯავშნის კოდის მონაცემები, ხოლო მეორე გზა არსებობს, თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდება და მიაწვდის ინფორმაციას. ლატარიაში მონაწილეობისათვის მომხმარებელი არ გადის არანაირ ავტორიზაციას , არამედ აცრისთანავე მისი ჯავშნის კოდი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. გათამაშება ხდება საიტზე ავტომატურ რეჟიმში, პროგრამის მიერ ხდება შედეგების გამოვლენა”, – განახადა ქეთევან ხუციშვილმა.
მისივე განცხადებით, ვაქცინირებული ახალგაზრდების შემთხვევაში ლატარიაში მონაწილეობას მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები მიიღებენ.
„რაც შეეხება არასრულწლოვანებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება არასრულწლოვან პირთა ვაქცინაციაც, ეს 16 წლიდანაა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნულ შემთხვევაში ლატარიის კანონის შესაბამისად აკრძალულია არასრულწლოვანების მონაწილეობა და მონაწილეობას მიიღებენ მათი მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები. ეს ჯავშნის კოდი და ლატარიის ბილეთები გადაეცემათ მათ კანონიერ წარმომადგენლებს“, – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.