ჯანდაცვის სამინისტროს გუნდის მიერ კოვიდსტატუსის დადგენის მიზნის შემუშავებულია აპლიკაცია, ე.წ კოვიდბაზის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველის საშუალებით ახდენს მოქალაქის კოვიდ სტატუსის იდენტიფიცირებას, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში pcr ტესტის უარყოფით პასუხს, მასში 24 საათის განმავლობაში, ასახული იქნება სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც და ასევე, ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის შესახებ.
“ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში pcr ტესტის უარყოფით პასუხს, ასევე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში. ასევე, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის სრული ან ერთი დოზით თუ არის აცრილი ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ გადატანილი აქვს კოვიდი, ესეც იქნება ასახული აპლიკაციაში. აპლიკაციის შესახებ ჩვენ ვიწყებთ ბიზნესთან საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში ჩვენ გავმართავთ სექტორული მიმართულებით ბიზნესთან შეხვედრებს და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციის მოხმარების შესახებ, როგორ უნდა გამოიყენონ და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას. ეს პირველ ეტაპზე არის სარეკომენდაციო ხასიათის და ბევრმა ორგანიზაციამ მათივე სურვილით უკვე დანერგა აღნიშნული აპლიკაცია და მოხმარებაში ჩვენ როგორც გადავამოწმეთ საკმაოდ წარმატებულად არის გაშვებული. სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესთან განვახორციელებთ ამ აპლიკაციის წარდგენას მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ და დანერგონ პრაქტიკაში აპლიკაციაში მწვანე ზონებით სარგებლობის ის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებს. აპლიკაცია იქნება, რომ მარტივად გამოიყენონ მოქალაქეებმა, ასევე ვისაც სმარტფონი არ აქვს მათთვის იქნება ამობეჭვდის შესაძლებლობა, რომ QR კოდი მათ სულ თან ჰქონდეთ. აპლიკაციის მეშვეობით მარტივად მოხდება იდენტიფიცირება ნებისმიერი მოქალაქის კოვიდსტატუსის. აპლიკაცია შესაძლებელი იქნება, რომ გამოიყენონ მომდევნო კვირიდან”, – განაცხადა ფერაძემ.