ჯანდაცვის მინისტრის მოადგილილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ.
მისი სიტყვებით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია.
“ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში.
მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან. ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ვაქცინაციის დაწყების დღიდან, 15 მარტიდან გაკეთებულია 1 340 062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, (29.8%). სრულად ვაქცინირებულია 489 194 პირი. ანუ მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.