ვაქცინის დეფიციტი შემოდგომაზე არ იქნება – მთავარია მოსახლეობის დამყოლობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის.
“ძალიან მოთხოვნადია “სინოფარმი” და ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს დამატებითი დოზები ანუ ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება. მთავარია მოსახლეობის დამყოლობა. ადამიანები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში, რომ ამაზე გადის ამ პანდემიის დამარცხების გზა და გზა იქითკენ, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ამიტომ მოგვეხმარეთ.
ლოტოტრონს გარკვეული ეფექტი ექნება იმიტომ, რომ ეს უკვე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაა, სხვადასხვა ტიპის წახალისებები და მოგეხსენებათ, ახლა განიხილება ასევე და უკვე ბევრი ბიზნესი, განსაკუთრების სამასპინძლო ბიზნესი აღარ უშვებს ადამიანებს თუ ისინი არ არიან ორჯერ აცრილები, ან თუ არ აქვთ ბოლო 72 საათში გაკეთებული “პისიარ” ტესტი, ან სწრაფი ტესტი. ეს შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესი იქნება წახალისებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.