ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ფერდზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

313

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ფერდზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის შემდეგ ჩატარდა, თუ რამდენად მყარი იყო ფერდი.

კახა კალაძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბავშვების გასართობი სივრცეები მოეწყო და მთლიანად შეიცვალა, როგორც განათების, ასევე სარწყავი სისტემა.

„ბოლო წლების განმავლობაში დამეთანხმებით, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში ყველა უბანში, სადაც შესაძლებელი იყო, ახალი რეკრეაციული სივრცეები გავაჩინეთ, რასაც დამატებთი სიცოცხლე შემოაქვს კონკრეტულ უბნებში. ყველა რეაბილიტირებული სკვერი, ყველა განახლებული პარკი სავსეა ადამიანებით, ყველა ასაკის ადამიანისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რაც სასიამოვნოა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და საპარკო კულტურა შემოვიტანეთ.

საბურთალოს გამგეობამ ერთი ძალიან მაგარი პროექტი განახორციელა, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე 5000 კვ.მ-იან ფერდზე სკვერის მოწყობა დაასრულა. ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა. წლების განმავლობაში ეს ტერიტორია მიგდებული, მოუწესრიგებელი იყო, პირველ ეტაპზე გეოლოგიური დასკვნა მომზადდა, რკინის კონსტრუქციები მოიხსნა, მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, თუ რამდენად მყარი იყო ეს ფერდი და ამ დასკვნის საფუძველზე განხორციელდა სამუშაოები. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგებულია, ახალი ნარგავები, მწვანე სივრცეები, ბავშვების გასართობი სივრცეები მოეწყო. მთლიანად შეიცვალა განათებისა და სარწყავი სისტემა“,- განაცხადა კალაძემ.