სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
„სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ. გვახსოვს წლების განმავლობაში რა მდგომარეობა იყო კაიროს დასახლებაში, არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. ქუჩები ატალახებული იყო, განსაკუთრებით ცუდ ამინდში, როდესაც გაწვიმდებოდა, მაღალი გამავლობის მანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად მოუწესრიგებელი იყო და ძალიან მძიმე ვითარებაში უწევდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ყოფნა.
რაც შეეხება სამუშაოებს, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის სამუშაოები ჩატარდა, სრულად რეაბილიტირებულია და განახლებულია ყველაფერი. ჩემთვის რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი, ასევე წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი. მთლიანად, დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელიც არ არსებობდა. ჯამში 6 კმ. გზის სავალი ნაწილი რეაბილიტირდა და დაიგო ასფალტი“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კაიროს დასახლებაში აღნიშნული პრობლემები წლების განმავლობაში არსებობდა და კარგია, რომ პროექტი განხორციელდა.
„დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაჯდა კონკრეტული სამუშაოები კაიროს დასახლებაში“,-განაცხადა კალაძემ.