მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 28 ივლისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
“სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეულია დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარ-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს საშუალებით ხორციელდება. სამუშაოებს, თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდება, ხოლო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.