თბილისის მერია: ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

584

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით. მინდა, თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით. საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში, რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა ამ ადგილზე სკვერის მოსაწყობად და დასკვნის საფუძველზე, ფერდის დამუშავება ისე დაიწყო, რომ ტერასებად დაყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება სავარჯიშო, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში, 240 ხე დაირგვება. ასევე, დაიგება რულონური ბალახი. სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი მიზანია, მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, მეტად მოწესრიგებული იყოს ის. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება ამისთვის, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოგვიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.