დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ინდურ, ე.წ. „დელტა“ შტამზე ნაკლებეფექტურობას აჩვენებს.
თუმცა, როგორც იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს არ ეხება ლეტალობისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან დაცვას. მისივე თქმით, აქ განსხვავება ძალიან მცირეა.
„ჩემი ყველა კოლეგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამბობს იმას, რომ მთავარი დაცვა არის ის, რომ ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს. ეს დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს. არის პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქცინა. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილები.
გამოქვეყნებული კვლევებით, სამწუხაროდ, „დელტა“ შტამი აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ყველა ვაქცინას აქვს ცოტა ნაკლები ეფექტურობა, მაგრამ ეს არ ეხება ლეტალობისგან დაცვას და რეანიმაციაში მოხვედრისგან დაცვას. იქ განსხვავება ძალიან მცირეა“, – განაცხადა იმნაძემ.