გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ პარტიას საქართველო რამდენიმე დღეში მიიღებს

530

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ პარტიას საქართველო რამდენიმე დღეში მიიღებს.

როგორც გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ყველას, ვინც ამ დღეებში „ფაიზერის“ ვაქცინისთვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ამისი შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მიეცემა.

„ფაიზერის“ შემდეგი პარტია რამდენიმე დღეში შემოვა. ვიდრე არ დაჯდება ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტში, მანამდე ჩვენ თარიღს ვერ დავასახელებთ. მალე იქნება დამატებითი დოზების მოწოდება იმგვარად, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ორი დღის წინ ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა გაყავით ორ ნაწილად, თუკი მალე შემოვა „ფაიზერის“ მეორე პარტია, რატომ არ შეიძლებოდა, რომ დროის მოგების მიზნით, 28 000-ვე დოზა გამოგეტანათ პირველი დოზით ასაცრელი ადამიანებისთვის და მეორე პარტია მეორე დოზისთვის შეგენახათ, – გაბუნიამ აღნიშნა, რომ პროტოკოლის მიხედვით, მეორე დოზისთვის გარანტირებული ვაქცინები აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე ფიზიკურად არ ჩამოვა ვაქცინა ქვეყანაში, მანამდე, პროტოკოლის ნაწილია ისიც, რომ მეორე დოზისთვის გარანტირებული ვაქცინები აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში. ამ კუთხით ჩვენ ცუდი გამოცდილება მივიღეთ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვქონდეს გარანტირებული დოზები მეორედ ვაქცინაციისთვის. მოგვისწრებს დამატებითი პარტიები, რაც გააფართოებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ უკვე მეტი ადამიანი მოვიცვათ. ასე რომ, ეს სტანდარტული პროტოკოლია, რომელსაც მივყვებით“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.