საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხება გადატვირთვამ გამოიწვია.
მისივე თქმით, მსგავსი ხარვეზები რომ აღარ განმეორდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებისთვის მიმართა სხვადასხვა უწყებას.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, დღეს საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მხარე, ასევე მისი დაცვის საკითხი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია, რის გამოც მსგავსი ხარვეზები აღარ უნდა განმეორდეს.
„ფაიზერთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, მუშაობს და კარგია, რომ კონტრაქტი შედგა, მილიონ 350 ათას დოზას ქვეყანა მიიღებს ეტაპობრივად წლის ბოლომდე. რაც ამ კვირაში მივიღეთ, ეს იყო პირველი მოწოდება. ახლა დაიწყო დარეგისტრირების პროცესი, რაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ვერ მოასწრო რეგისტრაცია და მას ამისი შესაძლებლობა ძალიან მალე თავიდან აღარ ექნება.
რაც შეეხება პორტალთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემას, ეს იყო „სონოფარმის“ შემთხვევაშიც, მანამდე კიდევ რამდენიმე ეპიზოდი იყო. ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე და იმის საჭიროებიდან, რომ პრევენციული ზომები მიგვეღო, ჯანდაცვის სამინსტრომ დახმარებისთვის მიმართა სხვადასხვა შესაბამის უწყებას. დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მხარე, ასევე მისი დაცვის საკითხიც და ვფიქრობთ, მსგავსი ხარვეზები აღარ გამეორდება. ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ თემას ვერ ჩავუღრმავდები, ჩვენთვის, როგორც პორტალის მომხმარებლისთვის, მთავარია, ვიცოდეთ, რომ საიტი არის წესრიგში. ამის შესახებ როდესაც გვაქვს წინასწარი დასტური, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ მსგავსი პრობლემები იქნება, ნაკლებია. როგორც ჩანს, არ იყო ის დატვირთვა, რაზეც საიტი არის გათვლილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საკითხზე საუბრისას თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ გეგმავენ, სამომავლოდ ასეთი ტიპის პორტალებზე დამოკიდებულება შეამცირონ და უკვე „ფაიზერის“ დოზების მომდევნო ნაკადის მიღების შემდეგ ვაქცინაცია პროტოკოლით გათვალისწინებული რამდენიმე მეთოდის, მათ შორის კლინიკაში ცოცხალი რიგის საშუალებით მოხდეს.
„ამდენად, სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ასეთი ტიპის პორტალებზე დამოკიდებულება შევამციროთ, რადგან ეს არ გახდეს მთავარი აქცენტი უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც „ფაიზერის“ დოზების სრული რაოდენობა ჩამოვა ქვეყანაში, გაიშლება ქსელი, 30-მდე კლინიკა ჩაერთვება მეორე ეტაპზე, სადაც უკვე იქნება სატელეფონო კონსულტაციის შესაძლებლობა, პორტალიც იმუშავებს და ასევე ადგილზე პირდაპირ რიგის და იქვე ვაქცინის მიღების შესაძლებლობა იქნება. ეს პროტოკოლი „სინოფარმთან“ და „სინოვაკთან“ მიმართებით უკვე მოქმედებს. „ფაიზერთან“ დაკავშირებით როგორც კი შემოვა ის დოზები, რომლებსაც მოკლე პერიოდში ველოდებით, იგივე პროტოკოლი ამოქმედდება, რათა მოქალაქეებს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ და ამდენი ნერვიულობა აღარ იყოს რეგისტრაციის პროცესში. ეს ჩვენთვისაც უხერხულია, მოქალაქისთვისაც, უამრავი განმარტება და ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ შეძლო დარეგისტრირება, ვიღაცამ კი ვერ მოახერხა. მინდა, ღიად განვაცხადო, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ყოველგვარი კონსპირტაციული მოქმედება რეგისტრაციის პროცესში, რადგან ჩვეულებრივ საიტზე რეგისტრირდება მოქალაქე, ვიღაცამ მოასწრო დარეგისტრირება და ვიღაცამ ვერ მოასწრო. ამ შემთხვევაში შეფერხების მიზეზი იყო გადატვირთვა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.