მე პირადად მიმაჩნია, რომ მედიცინის მუშაკები სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილები, მაგრამ მოსახლეობის მიერ სიტყვა სავალდებულო ვაქცინაცია ძალიან ცუდად აღიქმება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში სავალდებულო აცრის შემოღება, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება:
„ჩვენ თავისუფლებას მოწყურებული ქვეყანა ვართ, საბჭოთა სისტემიდან წამოვედით და ის, ვინც თავისუფლებით დიდი ხანია ტკბება, ევროკავშირის ქვეყნები, უფრო ლაპარაკობენ სავალდებულოზე. მაგალითად, საფრანგეთში შემოიღეს სავალდებულო ვაქცინაცია. საქართველოში ეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება. როგორც კი ახსენებ სიტყვა სავალდებულოს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, სოციალური თვალსაზრისით, ეს მტკივნეულად აღიქმება.
ჯანდაცვის მუშაკები სასურველია, თუ ყველა იქნება აცრილი, ოღონდ მაინც, ნებაყოფილობითი, შეთავაზების დონეზე. სავალდებულო იმ გაგებით, რომ შენ თუ არ აიცრი, დაგითხოვ ექიმობიდან, ასეთი მიდგომა საქართველოში ჯერ ვერ გატარდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.