სემეკ-მა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

341

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

სემეკ-ის ცნობით, თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს „გამას“, შპს „ენერგია+“-ის, შპს „დი-ვი-ესის“ შემოწმების შედეგები, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვისა და სემეკის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

„კომპანიების უმრავლესობას გააჩნდათ იდენტური ხარვეზები. კერძოდ, შემოწმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები არაჯეროვნად ასრულებენ და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ ასრულებენ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს. მათ შორის, ზოგიერთ კომპანიას არ გააჩნია ცხელი ხაზი, სადღეღამისო საავარიო სამსახური, ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის სამსახური.

კომისიამ 50 000 ლარით დააჯარიმა შპს „მამედი“, რომელიც ოპერირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში. კომპანია მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა მის მიერ თვითნებურად დადგენილი ტარიფით – 57 თეთრი/მ3-ით, ნაცვლად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, რომელიც შეადგენს 47 თეთრს/მ3-ზე. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მამედმა“ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ ზედმეტობით გადახდილი თანხების მათთვის უკან დაბრუნება.

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების მხრიდან დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს მათზე გაცემული ლიცენზიების გაუქმების თაობაზე.“, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.