დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, განიხილება საკითხი ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების დამკვიდრების შესახებ, რაც შემოდგომისთვის ყველა პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტისა და მოსწავლეების ორჯერად აცრას გულისხმობს.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია.
„სამედიცინო უნივერსიტეტი გამოვიდა ძალიან სერიოზული მოწოდებით და მინდა მხარი დავუჭირო მათ ინიციატივას, ეს არ არის ქართული ველოსიპედი და საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია, რომ შემოდგომას უნივერსიტეტები და სკოლები შეხვდნენ ე.წ. უსაფრთო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.