გამყრელიძე: საერთაშორისო აზრია, რომ ვაქცინის 2 დოზა ამ ეტაპზე ხელოვნური იმუნიტეტის შესაქმნელად საკმარისია

376

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მთელი რიგი კვლევები მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების აზრით, ვაქცინის 2 დოზა საკმარისია.

„ჯერჯერობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ სჯობს, როცა იწყებ ერთი ვაქცინით პირველ ინექციას, მეორე ინექცია ანუ რევაქცინაცია გააკეთო იგივე ვაქცინით, თუ პირველ ინექციაზე არ იყო განსაკუთრებით ძლიერი გვერდითი რეაქცია, თუ იყო განსაკუთრებით გვერდითი რეაქცია, ექიმი წყვეტს ვაქცინის შეცვლასთან დაკავშირებით.

მთელი რიგი კვლევები ახლა მიმდინარეობს ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, როცა იწყება ერთი ვაქცინით და შეიძლება გაიკეთო მეორე, მაგრამ ჯერჯერობით, მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის, ამიტომ დღეს რეკომენდაციაა, რითიც დაიწყე, ის გაიკეთო მეორე, თუ პირველ ინექციაზე არ იყო მძიმე ალერგიული, ან სხვა ტიპის გვერდითი რეაქცია.

რაც შეეხება ბუსტერს, ანუ მესამეს, ამაზე აქტიურად მიდის მსჯელობა, ჯერ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებული არ არის, რომ იგივე გადატანის შემდეგ, ან პირველი, ან ორი ინექციის შემდეგ რამდენ ხანს გრძელდება ე.წ. ხელოვნური იმუნიტეტი, რომელსაც ვაქცინით იწვევ. ჯერ მაინც, უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ეს არის 6-8 თვე, ამიტომ შესაძლებელია, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების და ყველაზე ცნობილი – გრიპის ვირუსის დროს დადგეს ე.წ. ბუსტერის საჭიროება, რომელზეც დღეს მიმდინარეობს სერიოზული განხილვები და მსჯელობები. ჯერ მაინც საერთაშორისო აზრია, რომ 2 დოზა ამ ეტაპზე სამყოფია ხელოვნური იმუნიტეტის შესაქმნელად“, – განაცხადა გამყრელიძემ.