გამყრელიძე: ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში

348

ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას.

„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.