მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

558

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამენ „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას.

„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს.

ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად. მაღალია ალბათობა, რომ იგი სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 ივლისის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ 4 პირი.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერმინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერმინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება“, – აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI, ლიბერალური აკადემია თბილისი,  მედიაკლუბი, მედიის განვითარების ფონდი MDF Media Development Foundation, Media Rights • მედიის უფლებები, სატელევიზიო ქსელი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – AB, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო სამართლიანი არჩევნები (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA, საქართველოს მცირე და საშუალო, სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია Rights Georgia / უფლებები საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation.