რობაქიძის გამზირზე ავტომობილების სადგომის ნაცვლად სკვერი მოეწყო

355

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ, რომელიც ავტომობილების სადგომად იყო გადაქცეული, დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დეკორატიული ფილები დაიგო, ბილიკები მოეწყო, უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა და სკვერში საპარკე ინვენტარი დაიდგა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე პატარებისთვის განკუთვნილ სივრცეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. სივრცეში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა და ხე-მცენარეები დაირგო.

პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სერვისი 2015“ 40 760 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.