ქობულეთის “სახიფათო” ბულვარი – მოქალაქეები ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას ითხოვენ

140

2 წლიანი სამუშაოების შემდეგ ქობულეთის განახლებული ბულვარი ოფიციალურად გაიხსნა. სამკილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო და ტურისტულად აქტიურ ზონებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა მთავარი პრობლემა ბულვარის ტერიტორიაზე ავტმობილების გადაადგილებაა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე საღამოობით ავტორბოლებიც კი იმართება, რაც დამსვენებლების უსაფრთხოდ გადაადგილებას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.

„ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის ის ფაქტი, რომ ბულვარის ტერიტორიაზე დადიან მოტოციკლები და ავტომობილები. ხშირად საღამოობით ისინი რბოლებს აწყობენ, რაც ძალიან საშიშია ფეხით მოსიარულეებისთვის. არსებული განლაგების გათვალისიწნებით რისკი იმის, რომ ადამიანმა მოტოციკლეტი ან ავტომობილი ვერ დაინახოს დიდია, ამიტომ აუცილებელია ამაზე უფრო მეტი ყურადრება გამახვილდეს“ – განაცხადა „საქმიან დიალსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

ანალოგიური პრობლემა აწუხებს ურეკის მოსახლეობასა და დამსვენებლებს. სასტუმრო კოლხიდას დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ურეკში განახლებული ბულვარის ნაწილს პოტენციური სასაკლაო უწოდა და განაცხადა, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე აუცილებელია ბულვარი ავტომობილებისათვის ჩაიკეტოს.

„წელს დაიწყეს ბულვარის ნაწილის კეთება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სასაკლაოა, იმიტომ რომ არ ჩაკეტეს სამანქანო მოძრაობა. უპრეცედენტო რაღაც ხდება, არაერთხელ მივმართეთ და არ გაითვალისწინეს, რომ პირდაპირ მანქანების შეჯიბრება იმართება ბულვარის ნაწილზე, ზედ სანაპირო ზოლზე, სასტუმროდან რომ ბავშვი მშობელს გაექცეს, შესაძლოა, მანქანამ გადათელოს და მერე ამ უბედურებაზე პასუხს ვინ აგებს? სრული განუკითხაობაა“ – ამბობდა ლაგაზიძე.

ქობულეთში განახლებული ბულვარი ოფიციალურად 3 ივლისს გაიხსნა. სამუშაოებისთვის 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსფერიდან გამოიყო.