ღარიბაშვილი: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

317

კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ კულტურის სფეროში შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ კულტურაზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს.

„ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერებას, სახელოვნებო განათლების განვითარებას და ხელმისაწვდომობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ასევე ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს მომდევნო წლების გეგმებზე. პრემიერის თქმით, ეს უნდა იყოს ბიზნესგარემოს ხელშემწყობი საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმები, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შემოღება, ასევე საგადასახადო დავების განმხილველი საბჭოს რეფორმა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ზოგადად საგადასახადო დავების გადაწყვეტას და გაზრდის ხარისხს.

„კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა; სახელმწიფო ვალის დონის თანმიმდევრული შემცირება პანდემიამდე არსებულ დონემდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთი მთავარი მიზანი, არის მიწის ფონდის რეგისტრაციის დასრულება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სრულად დაზუსტდება მისამართები ყველა დასახლებულ პუნქტში და სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესი დასრულდება.