დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ამასთანავე, როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
„როგორც იცით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, შესაბამისად, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მგზავრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება,“- განაცხადა კალაძემ.