დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის იმის შესახებ, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში – ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ ვართ დედაქალაქის პასუხისმგებლიანი მთავრობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ვალდებულია, მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მოსახლეობას ყოველთვის ვაწვდიდით ინფორმაციას კონკრეტულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც ვალდებული ვართ, (რადგან ოქტომბერში გაგვდის უფლებამოსილება, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა) კიდევ ერთხელ ყველა იმ მიმართულებით მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, რისი გაკეთება შევძელით ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა კალაძემ.
მერმა ისაუბრა დედაქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე, რის შესახებაც ანგარიში ორი დღის წინ წარადგინა. მისი თქმით, სოციალური პოლიტიკა თბილისის ბიუჯეტისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, რაც ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხებითაც დასტურდება.
„სოციალური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელშიც ჯანდაცვის მიმართულებაცაა გაერთიანებული. ბიუჯეტში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. ეს გამოიხატება იმ კონკრეტული თანხებითაც, რომელიც არის გათვალისწინებული ყოველწლიურად ამ მიმართულებით. მიუხედავად რთული ვითარებისა, პანდემიისა, ეს იყო ერთ-ერთი სფერო, რომლესაც არცერთი თეთრი არ დაკლებია, პირიქით – უფრო მეტი დაიხარჯა, რომ ადამიანებისთვის მომხდარიყო ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით. 2018-2021 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით დავნერგეთ სამი ახალი პროგრამა, რაც ძალიან მნიშნელოვანი იყო, ბევრი ადამიანი იყენებს ამ პროგრამებს – ეს იყო ტრანსპლანტაციის პროგრამის ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი, დაავადებათა სკრინინგის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი. ამ მიმართულებით დაემატა ფილიალები და ყველა ფილიალის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2 მლნ-მდე ინვესტიცია იქნა განხორციელებული, რომ ეს ტექნიკა შეგვეძინა. ასევე დაინერგა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, ესეც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“,- განაცხადა კალაძემ.