კალაძე: კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ

434

პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას აცხადებს.

როგორც კალაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით და ეკონომიკური განვითარებით.

„რთული თემაა. გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, ეს დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის. ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება. ჩემი პოზიციაა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.