ძველი უბნების რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ძველი თბილისი, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები არის ის განძი, ის მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც ქალაქს აქვს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ამაყობს ამ ძეგლებით. დიდი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში და ის მიდგომები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ მთლიანად უბნების განახლება და რეაბილიტაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარი სახლების მოწესრიგებას, განახლებას. ამ შენობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი მძიმე, ავარიულ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს განვაახლებთ, ყველაფერს მოვაწესრიგებთ და გვექნება ისეთი უბნები, როგორიც არის ახალი აღმაშენებელი, ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება. ეს სამუშაოები მომავალში შემდეგ ქუჩებზე გადავა“, – განაცხადა მერმა.
კალაძემ ყურადღება რეაბილიტაციისადმი კომპლექსურ მიდგომაზე გაამახვილა.