თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობასა და მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს.
„ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე სამუშაოები დავიწყეთ. გვინდა, ამ კონკრეტული სივრცის მთლიანად განახლება. ეს არის დედაენის ბაღის ქვედა ტერიტორია, იუსტიციის სახლთან ახლო, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო. შესაბამისად, 9 მარტისა და დედაენის ბაღების განახლების შემდეგ, ამ სივრცის დატოვება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ტერიტორიის მთლიანად განახლება-მოწესრიგება. მხატვრებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა თავიანთი საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ. სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით ხუთი თვე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 350 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აგურის კედლის გამაგრება და მისი ქართული აგურით მოპირკეთება ტერიტორიის მთელ გაყოლებაზე. არეალში შეიცვლება საფარი, ასევე, კუნძულების სახით მოეწყობა გამწვანებები.
გარდა ამისა, ფუნქციურად დაიტვირთება სპეციალურად მხატვრებისთვის გათვალისწინებული სტენდები, ხოლო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ლედგანათებები და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები 5 თვეში დასრულდება.