ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თანდათან იზრდება იმ ქუჩების რიცხვი, სადაც დაინერგა ზონალურ-საათობრივი პარკირება. თბილისში, ჯამში 5000-მდე საპარკინგე ადგილზე შესაძლებელია საათში 1 ლარად ავტომანქანის დაპარკინგება, რაც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა მძღოლებისთვის. შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება.
კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირება. სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩაზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ასევე გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც „ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს.
ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება ზონალურ-საათობრივი პარკირება, მათ შორის 24 ადგილი შშმ პირთათვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 1 ადგილი ელექტრომობილის დამუხტვისთვის.
ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით რეგისტრაციისთვის საინფორმაციო, მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს დოლიძის ქუჩა №24-ში, ალექსიძის ქუჩა №1-ში, ბახტრიონის ქუჩა №13-ში, ბახტრიონის ქუჩა №30-ში, ცინცაძის ქუჩა №61-ში, ლორთქიფანიძის ქუჩა №10-ში, აბასთუმნის ქუჩა №1ა-ს მოპირდაპირედ, სადგურის მოედანზე, კერძოდ, გოგოლის ქუჩა №32-ში, გობრონიძის ქუჩა №2ა-ში და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ“, – განაცხადა კახა კალაძემ.